V ბ კლასი
კლასში არის 27 მოსწავლე. 14 გოგონა და 13 ბიჭი. კლასი მეგობრული და შეკრულია. სწავლობენ ინტერესითა და ხალისით. უკვე მე–4 წელია ერთად ვართ. ვცდილობ თითოეული მოსწავლის სიხარული და ფიქრები გავიზიარო, ვიყო მათი უფროსი მეგობარი და საინტერესო მრჩეველი. დაწყებითი კლასის ასაკის მოსწავლეებში დიდია ინტერესი ყველა სფეროს მიმართ. შეძლებისდაგვარად მინდა დავაკმაყოფილო მათი ინტერესი, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე სასწავლო პროცესის მიღმა, ამიტომ ხშირად ვმართავ შემეცნებით აქტივობებს არაფორმალურ გარემოში. მოსწავლეებს არაფორმალურ გარემოში უყალიბდებათ ქცევის წესები, ურთიერთობები, როგორც ერთმანეთთან, ასევე საზოგადოებასთან. ეცნობიან ქვეყნის კულტურას, ისტორიასა და გეოგრაფიას, რაც ხელს უწყობს განათლების დონის ამაღლებას, კულტურულ ზრდასა და მსოფლმხედველობის გაფართოებას.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უყვართ შექება, წახალისება, ამიტომ ვცდილობ პატარებს ავუმაღლო გარეგანი მოტივაცია, გავამხნევო და დავაინტერესო. ვთვლი, რომ მსგავსი ქმედება მასწავლებლის მხრიდან იწვევს საპასუხო დადებით რეაქციას.
სწავლისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, კლასში ვნერგავ თანაბარ ინტერესს ყველა საგნის მიმართ, რაც მთავარი საძირკველია ზოგადი განათლებისა და კულტურული აღზრდისათვის.
ჩემს კლასში უყვართ ლაშქრობები, ექსკურსიები, გასვლითი დღეები ქალაქის მიდამოებში, მუზეუმებში, გართობა საბავშვო ცენტრებში და სადილი ერთად, რაც მრავლად გვქონდა ამ 4 წლის მანძილზე.
No comments:
Post a Comment